ირანის ხელისუფლებამ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების განკარგულება გამოსცა. ამის შესახებ გამოცემა Al-Jazeera იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ირანი დონალდ ტრამპს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის "ყუდსის" ლიდერის, გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობაში დებს ბრალს.
დონალდ ტრამპთან ერთად ირანი გენერალ სულეიმანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას კიდევ 30-ზე მეტ პირს აკისრებს.
იუწყებიან, რომ ირანმა დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა, რათა ბრალდებულები წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში შეიყვანონ, როგორც "მკვლელობისა და ტერორიზმისთვის ბრალდებულები".
შეგახსენებთ, 2020 წლის 3 იანვარს, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დროს, მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფის "ყუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი.