ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პასუხი უნდა აგოს ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანს მკვლელობაში მიღებული მონაწილეობისთვის.
ებრაჰიმ რაისის თქმით, წინააღდეგ შემთხვევაში, ირანი იძულებული იქნება შური იძიოს.
სატელევიზიო გამოსვლაში, ირანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ტრამპმა, როგორც "მთავარმა დამნაშავემ და მკვლელმა", რომელმაც ერაყში გენერალ ყასემ სოლეიმანზე იერიშის მიტანა ბრძანა, დანაშაულისთვის საკადრისად უნდა ზღოს.
რაისი გამოვიდა მოწოდებით, რომ შეიქმნას სამართლიანი სასამართლო, სადაც ტრამპი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები წარსდგებიან და დაისჯებიან.
"თუ ეს ასე არ მოხდება, ეჭვი არავის შეეპაროს და ამას ყველა ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწის გასაგონად ვამბობ, შურისძიება აუცილებლად აღსრულდება", - დასძინა რაისიმ.
შეგახსენებთ, ორი წლის წინ, 2020 წლის 3 იანვარს, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დროს, მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფის "ყუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.
მოგვიანებით, პენტაგონმა დაადასტურა, რომ გენერლის მკვლელობა ამერიკული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მოხდა, რომლის განხორციელების განკარგულება პირადად შეერთებული შტატების პრეზინდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა. პენტაგონის ცნობით, სამხედრო იერიში ამერიკულ ობიექტებზე თავდასხმის საპასუხოდ დაიგეგმა.
გასული წლის ივნისში, ირანმა გენერალ სოლეიმანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა დონალდ ტრამპსა და კიდევ 30-მდე პირს დააკისრა და მათი დაკავების განკარგულება გამოსცა. იუწყებოდნენ, რომ ირანმა დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა, რათა ბრალდებულები წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში შეიყვანონ, როგორც "მკვლელობისა და ტერორიზმისთვის ბრალდებულები".