პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელ მალხაზ თორიას და მის შვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ქემოკლიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
კახა ქემოკლიძის თქმით, თავდასხმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში 30 დეკემბერს მოხდა.
ქემოკლიძე მალხაზ თორიაზე მომხდარი თავდასხმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
„მალხაზ თორია, არასრულწლოვან შვილთან ერთად, ავტომანქანით მისული იყო რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამის საფლავზე. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანას მიუახლოვდა და გზა ჩაუხერგა სამმა ავტომობილმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო თეთრი ფერის, BMW-ს მარკის, X3 მოდელის ავტომანქანა, მეორე ავტომანქანა იყო „მერსედესის“ მარკის, ლურჯი ფერის, ხოლო მე-3 ავტომანქანა იყო შავი ფერის, თუმცა მისი მარკის გარჩევა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს. სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით რვა ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მიუახლოვდნენ მალხაზ თორიასა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მი შვილსაც. ასევე, დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ავტომანქანის ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ახლომდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი. მალხაზ თორია თავდამსხმელებს ეუბნებოდა, რომ რაღაც ეშლებოდათ, რაზეც თავდამსხმელები პასუხობდნენ, რომ არაფერი შეშლიათ და ზუსტად იქ იყვნენ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ. ძალადობის მომენტში მალხაზ თორიას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ „მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.