ზამთრის კურორტებზე მაღალ დატვირთულობაზე საუბრობენ "რედკო ჯგუფში", რომელიც განთავსების ობიექტებს ფლობს როგორც გუდაურში ასევე ბაკურიანში. "რედკოს” მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი კატია აბსანძე აცხადებს, რომ ზამთრის კურორტებზე მათ განთავსების ობიექტებში, დღეისათვის როგორც სასტუმროში ასევე სასტუმროს ტიპის აპარტამენტებში სტუმრების 50%-ი უცხოელია 50% კი ადგილობრივი.
"ზამთრის სეზონისთვის, დეკემბრის დასაწყისიდან პერიოდი უკვე ფაქტობრივად წინასწარ იყო დაჯავშნილი. იანვრის ჯავშნებში უფრო მეტი წილი უცხოელ ტურისტებზე მოდის. საახალწლოდ მრავალი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი პარტნიორ კომპანიებთან ერთად, რომელიც იმ კოვდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული და დღეს ქვეყანაში არსებობს. მით უმეტეს, რომ ჩვენი ღონიძიებები ძირითადად გარე სივრცეში იმართება. მოგეხსენებათ, რომ "რედკო ახალი გუდაური" საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და საახალწლო ღონისძიებებიც სწორედ მანდ ჩატარდება. ხოლო რაც შეეხება ბაკურიანს, აქაც ივენთები გარე სივრცეშია დაგეგმილი და კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება", - აცხადებს "რედკოს” მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი.
კატია აბსანძე ამბობს, რომ "რედკოს" საახალწლო ღონისძიებების კალენდარი მთელი იანვრის განმავლობაშია გაწერილი.
"საახალწლო ღონისძიებების დაშვებამ ჯავშნების ზრდას ხელი შეუწყო, რომ მომხმარებელი ამოვიდეს და ისიამოვნოს. ზამთრის ტურისტულ სეზონს ყველა მონატრებულია და ყველა მოუთმენლად ელოდება", აცხადებს კატია აბსანძე. მისივე განმარტებით, "რედკოს” განთავსების ობიექტებში სტუმრების დიდი ნაწილი დსთ-ს ქვეყნებიდან და გერმანიიდან ჩამოსულ სტუმრებზე მოდის.