სასტუმრო Best Western Gudauri 2022 წელს უცხოელი სტუმრებით ხვდება, რომლებიც განთავსების ობიექტში ძირითადად არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოვიდნენ. სასტუმროს მფლობელი გიორგი კვიწინაშვილი ამბობს, რომ მისმა სასტუმრომ სტუმრების მიღება 2019 წელის ბოლოს დაიწყო, 2020 წელს კი "კოვიდ სასტუმროს" სტატუსით ოპერირებდა. მისივე თქმით, პანდემიის ფონზე დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებამ და საახალწლო ღონისძიებების დაშვებამ სასტუმროში ჯავშნების რაოდენობაზე დადებითი გავლენა იქონია. მიუხედავად იმისა, რომ გუდაურში სასრიალო სეზონი ახლახანს დაიწყო, სასტუმრო Best Western Gudauri უკვე 80%-ითაა დატვირთული.
"ჩვენს სასტუმროში სტუმრები ძირითადად არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან არიან. სტუმრების ნაწილი შემოსულია ინდივიდუალური ჯავშნებით, ხოლო ნაწილი ტურისტული სააგენტოებიდან. ჩვენი სტაფის 100%-ი "მწვანე პასპორტის" მფლობელი და აცრილია. გეტყვით, რომ ზოგადად სასტუმროებში კოვიდ-რეგულაციები საკმაოდ მაღალ დონეზეა დაცული. სასტუმრო 2020 წლის განმავლობაშ და გარკვეული პერიოდი 2021 წელსაც ჩართული იყო საკარანტინე სივრცეების პროექტში. ამ ფონზე კი ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ და უკვე ვიცით როგორ უნდა კოვიდ-რეგულაციების დაცვა. საკარანტინე სივრცეების შემდეგ კი დავიწყეთ სტუმრების მიღება. ამიტომაც ამ მიმართულებით საკმაოდ მოწესრიგებულები ვართ", აცხადებს გიორგი კვიწინაშვილი.