საქართველოს ენერგეტიკისა დ წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება.
*303#-ის ახალი ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ ცენტრთან დაკავშირება, არამედ *303#-ის საშუალებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებს კომუნალური კომპანიისგან განმარტებას. დარიცხვის გადამოწმება მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია.
*303#-ის ახალი ფუნქციის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის კომუნალურ კომპანიასთან კომუნიკაციის გამარტივება.
*303#-ით სარგებლობა შეუძლიათ „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „ბილაინის“ აბონენტებს. მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის, მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
გარდა დარიცხვის გადამოწმებისა, *303#-ით შესაძლებელია კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება. მათ შორის, მომხმარებელს შეუძლია მობილურ ტელეფონში *303#-ის აკრეფით დააფიქსიროს:
ავარიული წყვეტა - ოპერატიული რეაგირებისთვის;
მომარაგების პრობლემა - დაბალი წნევა, ძაბვის ციმციმი, ხშირი წყვეტა;
მიიღოს: ელექტრონული ქვითარი და მიმდინარე ბალანსი;
დაამატოს მობილურის ნომერი სასურველ აბონენტის ნომერზე ან წაშალოს არასასურველი.