საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) აქტიური ჩართულობითა და თანამშრომლობით საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსი დაამტკიცა.
კოდექსის მთავარი მიზანი საწარმოებისათვის პასუხისმგებლობის გაზრდის ხელშეწყობა, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, გამჭვირვალობისა და ინვესტორთა უფლებების დაცვაა. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საწარმოებს გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ინვესტორთა ნდობას საწარმოსადმი და საბოლოოდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორპორაციული მართვის საბაზისო სტანდარტები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტითაა დადგენილი. შესაბამისად, საწარმოებს უკვე აქვთ ვალდებულება სრულ შესაბამისობაში იყვნენ აღნიშნულ მოთხოვნებთან. თუმცა, 2020 წელს, "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების კუთხით განხორციელებულმა ცვლილებებმა ცხადყო, რომ აუცილებელია კორპორაციული მართვის კოდექსის შემუშავება, რომელიც უფრო ნათლად წარმოაჩენდა იმ ორგანიზაციულ მოთხოვნებს, რომლებსაც საწარმოები უნდა აკმაყოფილებდნენ.
"საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი“ ასახავს საწარმოებისადმი დადგენილ მოთხოვნებსა და ანგარიშგების წარმოდგენის პროცესს. კოდექსი ეფუძნება მიდგომას - "შეასრულე ან განმარტე და წარმოადგინე ალტერნატივა“, რომელიც მოითხოვს კოდექსით დადგენილ პრინციპებთან მიმართებაში ემიტენტების კორპორაციული მმართველობის მიდგომების გამჟღავნებას და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის ფართოდ გამოყენებას.
კოდექსი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით. მასში გათვალისწინებულია სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტები, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კორპორაციული მართვის პრინციპები. ასევე, ევროკომისიის 2014 და 2015 წლის რეკომენდაციები.
კორპორაციული მართვის კოდექსი 2022 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. კოდექსით განსაზღვრულ ანგარიშგებებს საწარმოები 2023 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის თარიღისთვის წარმოადგენენ.