ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ აშკარა პროქართული პოზიციის გამოვლენად აფასებენ აფხაზი სეპარატისტები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში მდგომარეობის შესახებ მიღებულ რეზოლუციას. ამას გარდა, ისინი ასევე აცხადებენ, რომ ნატოს ლოგიკის მიხედვით არა თუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საქართველოც ოკუპირებული ტერიტორიაა და მისი ოკუპანტი ამერიკის შეერთებული შტატებია.
"ნატო არის იქ ორგანიზაცია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდა საქართველოს ინტენსიურ მილიტარიზაციას და მხარს უჭერდა საქართველოს ხელისუფლების რევანშისტულ განწყობილებებს, რომლებიც საბოლოო ჯამში 2008 წლის სისხლისღვრაში გადაიზარდა", _ ნათქვამია სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ნატოს ლოგიკის მიხედვით, საქართველო, რომლის ტერიტორიაზეც უკვე დიდი ხანია მოქმედებს აშშ მიე დადგენილი რეჟიმი ასევე ოკუპირებული ტერიტორიაა აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ", _ ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია პროქართულია, "საიდანაც იკვეთება ნატოს, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარის სტატუსი".
ამას გარდა, მათივე განცხადებით, "ნატო რეგიონში დაძაბულობის ხელისშემწყობი ერთ ერთი ფაქტორია".
შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში, რომლის სახელწოდებაა "სიტუაცია საქართველოში", აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. ქართული მხარის მოლოდინის შესაბამისად, დოკუმენტში ყოველგვარი განმარტებების გარეშე ჩაიწერა ტერმინები "ოკუპაცია" და "ეთნიკური წმენდა".
გარდა ამისა, რეზოლუციაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებს და მისგან, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს, ისე დაჟინებით მოუწოდებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნებას ხელი არ შეუშალოს.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტის აღნიშნული ფორმით მიღებას რუსეთის დელეგაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.