საბერძნეთში კოვიდპანდემიის „მეხუთე ტალღას“ ებრძვიან, რომელიც ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. გასულ კვირას ინფიცირების მაჩვენებელი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა. მთავრობა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მართავს შეხვედრებს, აქტიურად განიხილება ახალი შეზღუდვების ამოქმედების შესახებ, რომლებიც მიზანმიმართულად უკავშირდება მოსახლეობის იმ ფენას, ამ დრომდე რომ ეწინააღმდეგება იმუნიზაციას.
იმუნიზაციის მაჩვენებელი და არსებული გამოწვევები
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური ევროპის ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, საბერძნეთში ვაქცინირებულ მოქალაქეთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია და 63 პროცენტს შეადგენს, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი არ კლებულობს.
მიზეზი, რის გამოც მოქალაქეები ვაქცინაციას თავს არიდებენ რამდენიმეა - ბევრისთვის კონსპირაციის თეორიები კვლავ დამაჯერებლად გამოიყურება, ხოლო მთავრობის ნაკლები ჩართულობა ვაქცინაციის კამპანიაში ხსენებულ ფაქტორზე კიდევ უფრო უარყოფითად აისახება. ანტივაქსერულ განწყობას მოქალაქეები მხოლოდ პირად საუბრებში არ გამოხატავენ, ისინი ხშირად შეზღუდვების გასაპროტესტებლად ქუჩაშიც გადიან. იმუნიზაციის წინააღმდეგ მრავალათასიანი მიტინგები რეგულარულად იმართება ქვეყნის ორ ყველაზე დიდ ქალაქში- ტესალნიკსა და ათენში. პოლიციას მომიტინგეების დაშლა ხშირად უწევს წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით.
სავალდებულო იმუნიზაცია
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში სავალდებულო იმუნიზაცია უკვე რამდენიმე თვეა ამოქმედდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ პირთათვის, რასაც უკმაყოფილება მოყვა. რეგულაციის ამოქმედებიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულმა 6 ათასმა პირმა უარი განაცხადა ვაქცინაციაზე, რასაც ხელისუფლებს მიერ შემოღებული რეგულაციის თანახმად, მათი სამსახურებიდან გათავისუფლება მოჰყვა.
გუშინ საბერძნეთის მთავრობამ, ორად გაყოფილი მოსაზრებების მიუხედავად, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის იმუნიზაცია სავალდებულო გახადა. ქვეყანაში კვლავ ელიან მასობრივ საპროტესტო აქციებს, რადგან ახალ რეგულაციას ბევრი ეწინააღმდეგება.
ეკლესია და მისი ზეგავლენა კოვიდსტატისტიკასა და იმუნიზაციაზე
ქვეყანაში ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმს აღვივებს ეკლესიაც. ექსპერტების თქმით, სასულიერო პირები განსაკუთრებულად ნეგატიურად ზემოქმედებენ და სკეპტიციზმს ნერგავენ ხნიერ, ღრმად მორწმუნე მოსახლეობაში, მაშინ როცა სწორედ აღნიშნული სეგმენტია განსაკუთრებით მოწყვლადი კოვიდინფექციის მიმართ.
კვლევების მიხედვით დგინდება, რომ ბერძნების აბსოლუტური უმრავლესობა თავს აიდენტიფიცირებს მართმადიდებელ ქრისტიანად, მიუხედავად იმისა, რომ მათი ძალიან მცირე ნაწილი დადის ეკლესიაში. ეკლესიის ზეგავლენა ყველგან შეიმჩნევა ქვეყანაში, რასაც რწმენის განმტკიცებასთან ერთად, იმუნიზაციის მიმართ შიში და სკეპტიციზმი თან სდევს. ხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, მთავრობას კიდევ უფრო მეტი მუშაობა მოუწევს ახალი მიდგომების შესამუშავებლად და იმუნიზაციის მაჩვენებლის ასამაღლებლად.
ყალბი იმუნიზაციის სერტიფიკატები
კოვიდინფიცირების მაჩვენებლის შემცირების მიზნით, ქვეყნის მთავრობამ რეგულაციები გაამკაცრა არავაქცინირებული პირებისთვის. მათ ეკრძალებათ შესვლა ყველა სახის კვების ობიექტში, ასევე - სხვა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. სწორედ ამ ფაქტორმა წარმოშვა ქვეყანაში ყალბი სერტიფიკატების გაცემის პრაქტიკა. გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში 100 ათასი ყალბი ვაქცინაციის სერტიფიკატი ცირკულირებს, რომლებიც მოქალაქეებმა გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ დაამზადებინეს გარკვეულ პირებს. დაფიქსირდა შემთხვევები, როცა იმუნიზაციის კაბინეტში მისულმა მოქალაქეებმა, ექიმს, 400 ევროს სანაცვლოდ, მხოლოდ საინიექციო წყლის შეყვანა თხოვეს, თუმცა ექიმებმა ისინი მაინც ვაქცინით აცრეს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, არიან ექიმები, რომელთა გამოძახებაც სახლშია შესაძლებელი, სადაც ისინი თითქოს იმუნიზაციას ატარებენ, როცა სინადმვილეში მხოლოდ აცრის სერტიფიკატს გასცემენ 50 ევროს სანაცვლოდ. აღნიშნული ფაქტები ლაკონიის რეგიონის ქალაქ მონემვასიაში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში, გლობალური პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მილიონამდე მოქალაქე დაინფიცირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 20 ათასამდე აღწევს.
წყარო: https://www.euronews.com/2021/11/20/how-a-fake-jabs-probe-highlights-greece-s-deep-vaccine-scepticism