„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას ეხმიანება.
საუბარია ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე, რომლითაც მან ოპოზიციას მოუწოდა, „პრანჭვას“ და „ოპოზიციის ოპოზიციონერობას“ თავი დაანებონ და აქვე აღნიშნა, რომ მასზე მეტი უფლება ოპოზიციაში არავის აქვს.
„ნინო ბურჯანაძეს უბრძანებია, ჩემზე მეტი უფლება არავის აქვს, სააკაშვილის ნაცმოძრაობის ოპოზიციაში იყოსო და ბევრი სხვა სისულელეც მოუყოლებია პრეტენზიული ტონით და იმპერატიული მოთხოვნით( პარლამენტიდან გამოსვლა, პრანჭვას თავი დაანებეთ და ა.შ.).
ეს ბაქი-ბუქი ყველასგან ღიმილისმომგვრელია, ბურჯანაძისგან კი პოლიტიკურ წარსულსა და საკუთარ უპირატეს უფლებაზე საუბარი გამაღიზიანებელიც… „ნა პაკლონ კ პუტინუ, ვ ტუფელკახ ნა პაკლონნოი გარე“ იმ სიცივეში – ეს არის ბურჯანაძის მონაგარი მის „ოპოზიციურ“, რეალურად კი კრემლის სატელიტურ პოლიტიკაში. მისი ბელა-ჩაოც ამ ოპერიდანაა. სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაული 26 მაისის მიტინგის მონაწილეთა უმოწყალო დარბევა და ანგარიშსწორება იყო და არა ამ შავრაზმული, სწორედ ბურჯანაძის და მისი პარტნიორი გრეჩიხების, სოზარის და სხვათა „ქართული პარტიის( ზოგი ხელისუფლებაშია დღეს და ზოგიც ოპოზიციაში)“ „მრაკობესული“ ქმედებების შეფასება.
ასე რომ, ფრთხილად საპარლამენტო ოპოზიციისთვის თითის ქნევისას, ქ-ნო ნინო… ელექტორალური ფასიც მოგეხსენებათ თქვენი. შუაშისტიც არ ხართ, რომ სხვა შუაშისტებთან ერთად პერსპექტივა გქონდეთ. პერსონალურად ნუ მომედავებით – ჩემით მოვრჩი მანდატისთვის ბრძოლას, თქვენ კი ამომრჩეველმა გაგიმხილათ გულის ნადები.
უჯარო გენერლის მდგომარეობაში ყოფნა და „ტანკისტი ვიყავი ომამდე“ არავის შეშვენის“, – წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.