"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში, მწერალთა სახლის ორგანიზებითა და მექსიკაში საქართველოს საელჩოსთან პარტნიორობით, საქართველო პირველად მონაწილეობს გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე.
27 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე მიმდინარე ბაზრობაზე, საქართველო ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით იქნება წარმოდგენილი, რომლის ფარგლებშიც, ოთხი ღონისძიება იგეგმება:
• 27 ნოემბერი - იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები.
მონაწილეები: ნინია მაჭარაშვილი („თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“), მარტინ სოლარესი (მწერალი, „გვადალახარა - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“).
• 28 ნოემბერი - საუბრები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე.
მონაწილეები: დათო ტურაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, არჩილ ქიქოძე. მოდერატორი: ნიკოლას კამარენა (Dharma Books).
• 28 ნოემბერი - ორი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ამბავი.
მონაწილეები: არჩილ ქიქოძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ანტონიო ორტუნიო (მწერალი).
მოდერატორი: მარტინ სოლარესი („გვადალახარა - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“).
• 29 ნოემბერი - პროფესიული შეხვედრა ესპანურენოვანი გამომცემლებისთვის ქართული ლიტერატურის გასაცნობად.
მონაწილეები: ნატალია ლომოური (მწერალთა სახლი), ნინო კიკნაძე („თბილისი - წიგნის მსოგფლიო დედაქალაქი“), დათო ტურაშვილი.
გვადალახარას წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უახლეს ქართულ გამოცემებს და ქართული ლიტერატურის უცხოენოვან თარგმანებს. გვადალახარას წიგნის ბაზრობა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ, მნიშვნელობითა და სიდიდით, მსოფლიოში მეორეა, ესპანურენოვან სამყაროში კი, ყველაზე ავტორიტეტულია. აქ მონაწილეობას, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისა და ესპანურ ენაზე თარგმნის ხელშეწყობისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.