14 ნოემბერს ბულგარეთის მოსახლება აირჩევს არამხოლოდ ახალ პრეზიდენტს, არამედ ახალ პარლამენტსაც.
ამ წელში მესამე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც აპრილსა და ივლისში გამართული არჩევნების შემდეგ, ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება.
წინა საპარლამენტო არჩევნები ბულგარეთში 4 აპრილსა და 11 ივლისს გაიმართა. მაისიდან ბულგარეთს პრეზიდენტის მიერ დანიშნული გარდამავალი მთავრობა განაგებს.
საპრეზიდენტო არჩევნები ისედაც 14 ნოემბერს იყო დანიშნული, ხოლო ფინანსების დაზოგვის მიზნით, პრეზიდენტმა რადევმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღიც 14 ნოემბერს დაადგინა.
ბულგარეთი დაყოფილია 31 საარჩევნო ოლქად (ამას დამატებული საზღვარგარეთის ოლქი), რომელიც თავის მხრივ 11 874 საარჩევნო უბანს მოიცავს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ ამომარჩეველთა საერთო რაოდენობა 6.6 მილიონს შეადგენს.
საპარლამენტო არჩევნებში 27 პარტია მონაწილეობს. ეროვნულ ასამბლეაში მოსახვედრად დაწესებულია 4%-იანი ბარიერი.
გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა აშკარა უპირატესობით სარგებლობენ პარტია "მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის" (GERB) და "დემოკრატიული ძალების გაერთიანება".
თუმცა, როგორც ვარაუდობენ, კორუფციული სკანდალებისა და პანდემიის არასათანადოდ მართვის ბრალდებების ფონზე, საეჭვოა, რომ GERB-მა დამოუკიდებლად შეძლოს მთავრობის ფორმირება. უფრო მეტიც, ექსპერტების თქმით, შესაძლოა, პარტია საერთოდ კოალიციის მიღმაც კი დარჩეს.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს. ბულგარეთის პრეზიდენტის თანამდებობის მოსაპოვებლად 23 კანდიდატი იბრძვის. წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, ამომრჩევლები უპირატესობას მოქმედ პრეზიდენტ რუმენ რადევს ანიჭებენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან პირველივე ტურში შეძლოს გამარჯვების მოპოვება.