აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ხელისუფლება ამერიკის სამშვიდობო ძალისხმევისადმი უმადურობაში დაადანაშაულა და ევროპა რუსული ნავთობის შესყიდვის გაგრძელების გამო გაკიცხა. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ამჟამინდელი ომი არასდროს მოხდებოდა „შეერთებული შტატებისა და უკრაინის ძლიერი და სათანადო ლიდერობის შემთხვევაში“.
„2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო და არ მოპარულიყო - ერთადერთი, რაც რადიკალურმა მემარცხენე დემოკრატებმა იციან, როგორ გააკეთონ - უკრაინასა და რუსეთს შორის ომი არ იქნებოდა, ისევე როგორც ჩემი პირველი ვადის განმავლობაში ამის ხსენება არ ყოფილა. პუტინი არასდროს დაესხმებოდა თავს!” - დაწერა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომი „ყველასთვის წაგებული ბრძოლაა, განსაკუთრებით მილიონობით ადამიანისთვის, ვინც ასე უაზროდ დაიღუპა“.
„უკრაინის „ხელმძღვანელობამ“ ჩვენი ძალისხმევისთვის მადლიერება არ გამოხატა, ევროპა კი რუსეთისგან ნავთობის ყიდვას განაგრძობს“, - წერს ტრამპი.
მან ასევე დაწერა, რომ აშშ აგრძელებს ნატო-სთვის იარაღის „მასობრივი რაოდენობით“ მიყიდვას, რომელიც შემდეგ უკრაინაში იგზავნება.
ტრამპმა აღნიშნული განცხადება ჟენევაში ამჟამად მიმდინარე ამერიკის მიერ შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებების ფონზე გაკეთდა.