ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფება, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ანა ფოტიგას საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი მიხეილ სააკაშვილის მონახულება იყო, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რას ეტყოდა მიხეილ სააკაშვილს, მასთან შეხვედრა რომ შეძლებოდა, ანა ფოტიგამ უპასუხა: "ბატონო მიხეილ გაძლიერდით, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, აი ამას ვეტყოდი".
ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
"სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრებ. საქართველოში ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება იყო, მისი პატიმრობის ადგილზე. ჩვენ ვიცით მისი გადაწყვეტილება შიმშილობის თაობაზე და შეშფოთებული ვართ მისი შიმშილობის ხანგრძლივობით", - თქვა ევროპარლამენტარმა.
ანა ფოტიგამ მწუხარებით აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ნებართვა არ მისცა. მისი თქმით, ის ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას და ევროპარლამენტი თავის შეფასებას გააკეთებს.
ჩემი მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროს მიერ უარყოფილ იქნა. ძალიან სამწუხაროა, რადგანაც ჩემს თავს განვიხილავ, როგორც გამოცდილ ადამიანს და ძალიან კარგად ვიცი, მაღალი რანგის პირის შემთხვევაში, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. პატიმრობაში მყოფი ადამიანის ახლობლები ემოციურები არიან, როგორც წესი; მეორე მხარეს, რომელიც პასუხისმგებელია დაკავებაზე, ასევე აქვს ინტერესი, რომ ცალმხრივად ინფორმაცია გააჟღეროს.
საერთაშორისო საზოგადოებაში, ევროპარლამენტში, სადაც მე ვმუშაობ, რა თქმა უნდა შევაფასებთ ამ სიტუაციას. ასევე, აქ მყოფი სხვა ლიეტუველი დეპუტატების შეფასებაც ღირებულია“, – განაცხადა ფოტიგამ.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს 12 ნოემბერს ეწვია. ფოტიგა გუშინ მთელი დღის განმავლობაში ელოდა იუსტიციის სამინისტროსგან სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შესვლის ნებართვას. დღეს, ფოტიგამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვაზე უარი მიიღო.
მოგვიანებით, იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრ რატი ბრეგაძის წერილი, სადაც ის ანა ფოტიგას მოთხოვნას პასუხობდა.