სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები ყველა ქართულ მფრინავ აპარატს ჩამოაგდებენ, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევს. ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახნოვეცმა გააკეთა.
მისივე თქმით, "სამხრეთ ოსეთი, სუვერენული და აღიარებული სახელმწიფოა და არავის აქვს უფლება მის ტერიტორიაზე შეიჭრას".
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ საქართველო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას თავის ტერიტორიად მიიჩნევს და აქვს სუვერენული უფლება გააგზავნოს იქ უპილოტო მზვერავები, იახნოვეცმა განაცხადა, რომ ამგვარ მტკიცებებს საქართველოს ხელისუფლების სინდისზე ტოვებს.
"იმ შემთხვევაში თუ საქართველო საჭიროდ მიიჩნევს აქ უპილოტო მზვერავი თვითმფრინავების გამოგზავნას, გამოაგზავნოს, ჩვენის მხრიდან ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია ისინი ჩამოვაგდოთ.
სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წინაშე დგას ამოცანა რესპუბლიკის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვისა და ჩვენ ამ ამოცანას შევასრულებთ. ყველა ვინც კი დაარღვევს საზღვარს, ჩამოგდებული იქნება, იქნება ეს უპილოტო თუ სხვა საფრენი აპარატი", _ აცხადებს კოკოითის ე.წ. მთავრობის ე.წ. თავდაცვის მინისტრი.