სამარელი ბიზნესმენი ედუარდ ვირიპაევი სეპარატისტულ აფხაზეთში აგროკომპლექს "ნოვაია დერევნიას" აშენებას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ედუარდ ვირიპაევსა და სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბას შორის შეხვედრა უკვე შედგა და განზრახვათა შეთანხმებას ხელი მოეწერა.
"ედუარდ ვირიპაევსა და სერგეი შამბას შორის გამართული შეხვედრის დროს მიღწეულია წინასწარი შეთანხმება რესპუბლიკაში აგროკმპლექს "ნოვაია დერევნიას" მშენებლობის შესახებ. ხელმოწერილია შეთანხმება განზრახვათა შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილება 5 დეკემბერს იქნება მიღებული", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ოჩამჩირის რაიონში იგეგმება აგროკომპლექსის აშენება, რომელშიც თავის თავში 16 მინი-ფერმას, 130 სახლს და ინფრასტრუქტურას მოიცავს. იქვე იქნება საბავშვო ბაღი, სამედიცინო დაწესებულებები, სავაჭრო და სპორტული ნაგებობები.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ იმ შემთხვევაში თუ პროექტის განხორციელება დაიწყება ინვესტიციის მოცულობა 2 მილიარდი რუსული რუბლი იქნება.