ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის პატრიარქსა და წმინდა სინოდთან მის ურთიერთობებზე საუბრობს.
მეუფე პეტრეს წერილს მარტვილის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, იღუმენია თამარა გამყრელიძე ავრცელებს:
"რა მწარედ ტყუვდებით ბატონო პრეზიდენტო! ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთ დიდ პატრიოტს და ძლიერ პოლიტიკოსს დიდი შეცდომა მოგდით, როდესაც დღევანდელ საპატრიარქოსთან ცდილობთ დიპლომატიური და პოლიტიკური ბინძური თამაშის წესებით ურთიერთობას. მოკლედ გეტყვით, რომ კგბ-ს საბჭოთა, წითელი პატრიარქის საეკლესიო კურსის მხარდაჭერა და კომპლიმენტები დღეს, არც მეტი, არც ნაკლები, საბჭოთა მემკიდრეობისა და ცრუ ქრისტიანობის მხარდაჭერაა, ეკლესიაში არსებული უკეთურების, უზნეობის, პედოფილიის, მამათმავლობის, ნარკომანიის, ვერცხლისმოყვარეობის, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების, საბჭოთა მსოფლმხედველობაში ჩარჩენის და საქართველოსთვის ბედნიერი მომავლის წართმევის მხარდაჭერაა. უფალმა გაგინათოთ გონება და მოგმადლოთ სიბრძნე, აღმაშენებლისეული აზროვნება, რომლის წარმატებას, დიდგორზე გამარჯვებას და საქართველოს გამთლიანებას წინ უძღოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და არა ფარისევლობა, არა პირფერობა, ზნედაცემული მაღალი იერარქიის მიმართ. უნდა იცოდეთ, რომ გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია და არა საბჭოთა პატრიარქში... აი, რა გაშორებთ თქვენ ნამდვილ ეროვნულ შეგნებასთან და ეროვნულ მოძრაობასთან... გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს საკეთილდღეოდ. ამინ!", - აცხადებს მეუფე პეტრე.