საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ეუთო/ოდირისა და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მასთან შეხვედრისას უთხრა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული იყო. ამის შესახებ ზალკალიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, ასეთი შეფასება მართლა უპრეცედენტოა.
"ეუთო-ოდირის დირექტორისა და ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მხრიდან, კიდევ ერთხელ იყო აღნიშნული, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული. ეს მართლაც უპრეცედენტო შეფასებაა. ასევე მათ თქვეს, რომ ყველას ჰქონდა თავისუფალ გარემოში საარჩევნო კამპანიის ჩატარების უფლება, რომ საარჩევნო ჩარჩო და კანონმდებლობა იყო აბსოლუტურად თავსებადი დემოკრატიულ მოთხოვნებთან, არჩევნების დღე და ხმის მიცემის პროცესი იყო უაღრესად გამჭვირვალე და ასევე იყო მნიშვნელოვანი პროგრესი წინა არჩევნებთან შედარებით. თუმცა, აქვე თქვა ისიც, რომ შენიშვნები არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან მათ მითხრეს, რომ შენიშვნები ჰქონდათ ბევრ ისეთ ქვეყანასთან, რომლებსაც ჩვენზე უფრო ხანგრძლივი დემოკრატიული ცხოვრების გამოცდილება აქვთ,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.