ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, თბილისს, ხვალ ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ეწვევა.
მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიენების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით.
საქართველოს და მონტენეგროს პრეზიდენტები შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ პრესისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრას გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, მონტენეგროს პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის პატივსაცემად, ორბელიანიების სასახლეში, ოფიციალური სადილი გაიმართება.