მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტები დღეიდან 23:00 საათამდე იმუშავებენ.
გადაწყვეტილება ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღეს.
რესტორნების მუშაობა დღემდე 22:00 საათამდე იყო დაშვებული.
ამასთან, შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გაგრძელდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები - „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“, „სინოფარმი“. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 1-ელ ოქტომბერს, ქვეყანაში დამატებით შემოვიდა 1 მილიონი დოზა „სინოფარმი“.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 621 420 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 593 153 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 9 110 ადამიანი.