5 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, შალვა მხატრიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) სემინარში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სსფ-ს კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული სემინარები CCAMTAC-ის წევრი ქვეყნებისა და სსფ-ს წარმომადგენლების კვლევებისა და ანალიტიკური ნამუშევრების განხილვას ემსახურება.
სემინარზე შალვა მხატრიშვილმა წარადგინა ეროვნული ბანკის კვლევითი ნაშრომი, რომელიც აანალიზებს რა გავლენა აქვს სტერილიზებულ სავალუტო ინტერვენციებს ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ფინანსურ სექტორში ლიკვიდობის რისკის მინიმიზაციისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს საკმარისად ფართო გირაოს ბაზა. ნაშრომის დისკუსანტი იყო ალტინაი აიდაროვა, სსფ-ს CCAMTAC-ის მრჩეველი მონეტარული და უცხოური ვალუტის ოპერაციების მიმართულებით, ხოლო სემინარის მოდერატორი - სელიმ ჩაკირი, სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.