საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ლ.ქ.-ს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, საღებავის გამოყენებით წარწერების გაკეთებისთვის მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ლ.ქ.-მ პოლიტიკური მოტივით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა რ.ი.-ს.
სამართალდამცველებმა ლ.ქ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურამ ლ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.