დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების და საჭიროებების ადგილზე შესწავლა ცხადყოფს, რომ გამყოფ ხაზთან მაცხოვრებელ ადამიანებს მწვავე სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. ბორდერიზაციის პირობებში მაცხოვრებლებს, გატაცების და უკანონო დაკავებების მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება; საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების ნაწილში ვერ სარგებლობენ გადაადგილების თავისუფლებით; მათი უმრავლესობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა სიღარიბე და უმუშევრობაა; სოფლების დიდ ნაწილში არ ფუნქციონირებს სკოლამდელი დაწესებულებები და სკოლები; დასახლებების ნაწილში დაზიანებულია შიდა გზები; მოსახლეობას აწუხებს მცირემიწიანობა; სოფლებში სარწყავი და სასმელი წყლის დეფიციტია; არ ფუნქციონირებს აფთიაქები და სამედიცინო პუნქტები; სოფლები ახალგაზრდებისგან იცლება.
საჭიროა დამატებითი ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად. ადგილობრივ დონეზე გასაწევ ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საკითხის საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე მოწესრიგება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების აღმოფხვრის ერთ-ერთ გადაწყვეტად, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭება მიაჩნია. სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭებამდე კი, მიზანშეწონილია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე 116-ივე სოფელზე გავრცელდეს საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ დადგენილი შეღავათები.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახაბერ კუჭავას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გამყოფ ხაზთან მდებარე 116-ივე სოფლისთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭების ინიციატივით უკვე მიმართა.