საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, ამჯერად ქუთაისელებს მიმართავს.
სააკაშვილის მიმართვა ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ "მთავარი არხის" ეთერში წაიკითხა.
მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს.
"ჩემო ძვირფასო და განსაკუთრებულო ქუთაისელებო!
იცით, როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები გვაქვს თქვენზე. მინდა, რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი.
ახლა თქვენ გყავთ ძალიან კარგი კანდიდატი. შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილას გავიდა და თქვენ მათ ხმა მიეცით დიდი ზეწოლის ფონზე. აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოთ და ესე იგი გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია, თითოეულმა თქვენგანმა.
გთხოვთ, იაქტიურეთ. საქართველოს და თითოეული თქვენგანის, ჩვენგანის ბედი წყდება. სიყვარულით მიხეილ სააკაშვილი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ქუთაისის მერობისთვის ბრძოლაში ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდებიან.