მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მიხაი გიმპუმ ნატოს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს მიმართა და რესპუბლიკიდან რუსული ჯარის გაყვანის საკითხში მხარდაჭერა სთხოვა. რასმუსენისთვის გაგზავნილი წერილი თავად გიმპუმ დღეს კიშინოვში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
"მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 20 წელზე მეტი ხანი გავიდა, მაგრამ რუსეთის მთავრობა არ ასრულებს როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო დონეზე ნაკისრ ვალდებულებებს. საერთაშორისო ნორმებისა და მოლდოვის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, რუსული ჯარი აგრძელებს უკანონოდ ყოფნას დამოუკიდებელი მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე", _ ნათქვამია წერილში.
მისი თქმით, "რუსული ჯარი რჩება დაძაბულობის კერად და დნესტრისპირულ სეპარატიზმს ასაზრდოებს. დნესტრისპირელი სეპარატისტები რუსული ჯარის მხრიდან მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გრძნობენ".
წერილში გიმპუ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთმა დამატებით აიღო თავის თავზე ვალდებულება გაიყვანოს ჯარი მოლდოვის ტერიტორიიდან ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ადაპტირებული შეთანხმების კონტექსტში, რომელსაც ხელი 1999 წლის ნოემბერში გამართულ ეუთოს სტამბულის სამიტზე მოეწერა.
გიმპუს აზრით, ახლანდელ სიტუაციაში, იმ შემთხვევაში თუ მოლდოვა არ დასთანხმდება დნესტრისპირეთში რუსული ჯარის ყოფნას, "რუსეთმა, შესაძლოა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, რათა მოლდოვის ტერიტორიაზე თავისი ჯარი შეინარჩუნოს".
"რუსული ჯარის გაყვანა ხელს შეუწყობს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებას. ჩვენ მშვიდობიანად და თანხმობაში ცხოვრება უცხო ქვეყნის ჯარების გარეშე გვსურს. რუსული ჯარის გაყვანა კი დნესტრისპირეთის კონფლიქტის მშვიდობიან და სამართლიან დარეგულირებას უშლის ხელს", _ ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში რუსული სამხედრო ძალა 1992 წლიდან დგას.