ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი მას შემდეგ, რაც იოშიჰიდე სუგამ კაბინეტი დაითხოვა.
იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ფუმიო კიშიდა აირჩია. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ კიშიდას კანდიდატურას 458 დეპუტატიდან 311 მიემხრო.
64 წლის ფუმიო კიშიდა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად გასულ კვირას აირჩიეს, რამაც გზა გაუხსნა მას ქვეყნის ლიდერის თანამდებობის დაკავებისკენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მთავრობის ახალ შემადგენლობას კიშიდა დღესვე წარადგენს.
კიშიდას ახლა დაევალება პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღორძინება და აშშ-სთან ძლიერი ალიანსის უზრუნველყოფა რეგიონული უსაფრთხოების მზარდი რისკების ფონზე.
ამასთან, მას მოუწევს ყველაფერი გააკეთოს, რათა ოქტომბრის მიწურულს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში, შეუნარჩუნოს და კიდევ უფრო გაუმყაროს საკუთარ პარტიას ამომრჩეველთა მხარდაჭერა.
ფუმიო კიშიდა 2012-2017 წლებში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.