იაპონიის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ახალი ლიდერი ფუმიო კიშიდა ჩაანაცვლებს იოშიჰიდე სუგას. კიშიდამ პარტიის ლიდერის არჩევნების მეორე ტურის დაძაბულ ბრძოლაში თავისი მთავარი კონკურენტი ტარო კონო დამაჯერებლად, 257 ხმით 170-ის წინააღმდეგ დაამარცხა.
იაპონიის მმართველი პარტიის დეპუტატებმა ახალი ლიდერის არჩევას კენჭი ოთხშაბათს უყარეს.
ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDP) წევრები კენჭს უყრიდნენ იოშიჰიდე სუგას შეცვლას, რომელმაც გამოაცხადა, რომ იგი ტოვებს ხელმძღვანელ თანამდებობას მას შემდეგ, რაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა მის, ოლიმპიური თამაშების დროს, პანდემიის მართვასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.
პარტიის ახალი ლიდერი აუცილებლად გახდება ქვეყნის მომავალი პრემიერ მინისტრი, რადგან სწორედ ის ფლობს პარლამენტში უმრავლესობას.
კიშიდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე უნდა დამტკიცდეს პარლამენტის 4 ოქტომბრის სხდომაზე, შემდეგ კი მონაწილეობას მიიღებს ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში, როგორც LDP-ის ლიდერი.
LDP სავარაუდოდ შეინარჩუნებს უმრავლესობას პარლამენტის ქვედა პალატაში ნოემბრის საყოველთაო არჩევნების დროს.
პარტიის ლიდერის არჩევნებში ოთხი პოლიტიკოსი მონაწილეობდა, ორი მამაკაცი და ორი ქალი. ქვეყანას არასოდეს ჰყოლია ქალი პრემიერ მინისტრი.
ვინ იყვნენ კანდიდატები?
არჩევნების ფინალური ეტაპზე გადამწყვეტი ბრძოლა ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ფუმიო კიშიდას, რომელმაც შარშან მარცხი განიცადა სუგასთან და ვაქცინაციაზე პასუხისმგებელ მინისტრ ტარო კონოს შორის გაიმართა.
პარტიის ლიდერობა ულტრაკონსერვატორ კანდიდატ სანე ტაკაიჩის სურდა, რომელიც იმედოვნებდა, რომ გახდებოდა ქვეყნის პირველი ქალი პრემიერი. არჩევნებში ასევე მონაწილეობდა ლიბერალი, ყოფილი გენდერული თანასწორობის მინისტრი სეიკო ნოდა.
პირველი ტურის დროს კიშიდამ 256 ხმა მიიღო, კონომ კი 255 ხმა.
კიშიდას ახლა დაევალება პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღორძინება და აშშ-სთან ძლიერი ალიანსის უზრუნველყოფა რეგიონული უსაფრთხოების მზარდი რისკების ფონზე.