ფორმულას ჟურნალისტის სალომე ჩადუნელის წინააღმდეგ ელექტროშოკით მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.
ფორმულას ჟურნალისტს ზუგდიდში ერთერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ მყოფი პირი ელექტროშოკით დაემუქრა.
პირმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ყოფილი სპორტსმენია, ჟურნალისტებს საარჩევნო უბნის მიმდებარედ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. სალომე ჩადუნელის ცნობით, მან ტვ პირველის ოპერატორს ბოთლიც ესროლა.
"ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით, კადრებს ვიღებდით. გადაღების დროს ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირებისთვისაც, მაგრამ ელექტროშოკი ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო. მე თავად დავინახე ელექტროშოკი და დენის წყარო. მან თქვა, რომ არის სპორტსმენი დავით ქირია". - თქვა ჩადუნელმა პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს.
ფოტო: ფორმულა