სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.
"მაინტერესებდა დაკავების პირობები, ხომ არ იყო გადამეტების ფაქტი, ხომ არ ჰქონდა დაზიანება. ის დღეს დააკავეს თბილისში, ერთ-ერთ სახლში, იმყოფებოდა მარტო. არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, არ ყოფილა გამოყენებული ძალა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ლომჯარიას განცხადებით, სააკაშვილი არ ეთანხმება მსჯავრს და თავს მიიჩნევს პოლიტპატიმრად.
მესამე პრეზიდენტის დაკავების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.