მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ექსპლუატაციაში შესული ყველა ახალაშენებული, მრავალბინიანი კორპუსი ელექტროენერგიის ე.წ. ჭკვიანი მრიცხველით აღიჭურვება. აღნიშნულ სიახლეს ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ნორმატიული აქტი - "ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები", რომელიც ეფუძნება მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებულ დირექტივებსა და მოთხოვნილ სტანდარტებს.
"ჭკვიანი მრიცხველი" ახდენს ხარჯების ოპტიმიზაციას და დადებითად აისახება ტარიფზე. დამონტაჟების ვალდებულება შეეხება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურსაც როგორც ქსელზე მიერთებისას, ასევე ელექტროსადგურით სარგებლობის შეთხვევაში.
ჭკვიანი მრიცხველის ელექტროენერგეტიკის სექტორში დანერგვა განპირობებულია ბაზრის ლიბერალიზაციისა და მომდევნო პერიოდში დიფერენცირებული ტარიფების ამოქმედებით. „ჭკვიანი მრიცხველი“ იძლევა მონაცემების ელექტრონულად წაკითხვის შესაძლებლობას. ნებისმიერი დისტანციიდან შესაძლებელი იქნება მრიცხველთან დაკავშირება და მოხმარებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიღება. მომხმარებელს შეეძლება კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მისთვის სასურველ დროს შეამოწმოს მრიცხველი, აკონტროლოს მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა და ფასი.
მომდევნო ეტაპზე „ჭკვიანი მრიცხველებით“ აღიჭურვება 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე ექსპლუატაციაში შესული მრავალბინიანი კორპუსებიც, სადაც ელექტროენერგიის მომსახურე კომპანია საინვესტიციო გეგმების ფარგლებში განახორციელებს მრიცხველების ჩანაცვლებას.