საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება EUobserver-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავენ.
ზალკალიანის თქმით, საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების არანაირი მექანიზმი არ ამოქმედდება.
"მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო ყველა და ასევე იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ამბავი აიტაცეს. ვიცი, რომ აღტკინება არის ჩვენ ოპონენტებში ამის გამო. წარმოუდგენელია, როდესაც ოპონენტები ხარობენ სავარაუდოდ ქვეყნის წარუმატებლობით, მინდა, მათ იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. უნდა ითქვას, რომ ამ სტატიაში კონკრეტულად საქართველოზე არ არის საუბარი. მოლდოვასა და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა საუბარი. არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, პირიქით 75 პროცენტით არის შემცირებული. ეს არის ტყუილი. არაფერი არ გვემუქრება, ყველაფერი არის კარგად. ბოლო სავიზო ლიბერალიზაციის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, არის უაღრესად პოზიტიური, სადაც დადებითი შეფასება აქვს ვიზალიბერალიზაციის შესრულებას და ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ, ამიტომ არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება", - განაცხადა ზალკალიანმა.