ოფილი დეპუტატი, ალექსანდრე შალამბერიძე ინიციატივით გამოდის ცესკო დაკომპლექტდეს 7 წევრით, იმ პარტიების წარმომადგენლებისაგან, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს. შალამბერიძის თქმით, ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები უნდა დაინიშნონ პარიტეტულ საწყისებზე, პრინციპით "ერთი პარტია- ერთი ხმა".
"თუ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, კვლავ ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარის სასარგებლოდ დარჩა, გაიმარჯვებს სააკაშვილი, ვინაიდან დისკრიმინაციული და ცინიკური პრინციპი "მთავარია ვინ ატარებს არჩევნებს", ძალაში დარჩება" - აღნიშნა შალამბერიძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური ნების გამომხატველ პარტიებს სასტარტო პირობები თანაბარი უნდა ჰქონდეთ და რადგან პრეზიდენტი იმავდროულად ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეცაა, ანუ მიკერძოებული საკუთარი გუნდის მიმართ, ის ყოველთვის მისწრაფებული იქნება მისი პოლიტიკური ორგანიზაციის სასარგებლოდ დააკომპლექტოს საარჩევნო კომისიები.
"დღეს ყველას ამოცანაა მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების ჩატარების უფლება, რომელიც, ძალით მისაკუთრებული აქვს ერთ პარტიას და ნებით მის დათმობას არ აპირებს. საჭიროა, ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ კონკრეტულად ამ უფლების ხელში ასაღებად, საიდანაც სათავეს იღებს ჩვენი ძირითადი უფლებების დაცვისათვის ბრძოლა" - აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა.
აღნიშნულ საკითხზე და ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალექსანდრე შალამბერიძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს ხუთშაბათს 13.00.საათზე, მის. ჭავჭავაძის გამზ. 52.