გამორჩეული გერმანული საწარმო “YTONG” მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100 საწარმოს ფლობს და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენთან, საქართველოში იქნება, რომელიც ამავდროულად მთელ რეგიონს, ამიერკავკასიას დაფარავს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლილოს დასახლებაში YTONG-ის ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის ღირებულება 55 მილიონი ლარია და მისი განხორციელება მთავრობის, საპარტნიორო ფონდის, ბიზნესის და ბანკების ჩართულობით მოხერხდა.
„მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ეს დღე ნამდვილად მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველანი ვართ მომსწრნენი ძალიან მნიშვნელოვანი მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნის ფაქტისა და მე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვახარებს ეს ფაქტი, ვინაიდან ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა ყოველთვის იყო, არის და იქნება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა, განვითარება და საქართველოში მეტი სამუშაო ადგილების შექმნა. ბატონმა ილიამ ახსნა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ჩვენ 2014 წელს დავიწყეთ და აღმოჩნდა, რომ ეს მართლაც წარმატებული პროგრამაა, ვინაიდან სულ მცირე, მინიმუმ მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან დაახლოებით 100 მილიონი ლარი ჩვენი მთავრობის თანადაფინანსება არის და დაახლოებით 20 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. რამდენიმე ათეული, ასზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა. დღევანდელი დღის და ამ საწარმოს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ეს არის მსოფლიოში გამორჩეული საწარმო “YTONG”, გერმანული კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100 საწარმოს ფლობს და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენთან, საქართველოში იქნება, რომელიც ამავდროულად მთელ რეგიონს, ამიერკავკასიას დაფარავს. მე მინდა მივულოცო ბატონ ილიას და ინვესტორებს აღნიშნული პროექტის განხორციელება. პროექტი დაჯდა 55 მილიონი ლარი, ჩვენი მთავრობის ხელშეწყობითაც და ასევე, საპარტნიორო ფონდის ჩართულობით, ასევე, ბიზნესის და ბანკის ჩართულობით განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. აქ დასაქმდება 200 ადამიანი, 200 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის ფარგლებში და დაახლოებით 30 მილიონი ლარის ღირებულების მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას გამოუშვებს წელიწადში. როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის მაღალტექნოლოგიური, გერმანული ტექნოლოგიის საწარმო და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის ენერგო ეფექტური სამშენებლო პროდუქცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა დღევანდელ რეალობაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ, კომპანიას წარმატებებს, კიდევ უფრო მეტი ასეთი წარმატებული პროექტების განხორციელებას და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნას ვუსურვებ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
YTONG-ი გერმანული ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელია მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის წარმოებაში მსოფლიო ლიდერია.
ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით YTONG-ის 100-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს. თბილისში მდებარე ქარხანა კი ამავდროულად ამიერკავკასიის რეგიონს დაფარავს.
ქარხანა სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა, პროექტის ჯამური ინვესტიცია 500 მილიონი ლარია და 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. YTONG-ის ქარხანა წელიწადში 30 მილიონი ლარის პროდუქციას აწარმოებს, უახლოეს პერიოდში კი, ექსპორტზე გავა.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თბილისის მერი კახი კალაძე, „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.