ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საკარანტინე და კოვიდ სასტუმროების წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მადლობის სიგელები და ჯილდოები საკარანტინე პროექტში ჩართულ განთავსების ობიექტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გადასცეს.
პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის მარტიდან 250-მდე სასტუმრო იყო ჩართული. სასტუმროებსა და სატრანსპორტო კომპანიებში 5000-მდე ადამიანი დასაქმდა. პროექტის ფარგლებში კი 180,000-მდე ადამიანს გაეწია მომსახურება.
"ჩვენთვის ეს პროექტი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის, კერძო სექტორის მხრიდან გამოვლენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის და თითოეული მათი თანამშრომლის აქტიური, დაუღალავი შრომის. პროექტში ჯამში 250-მდე სასტუმრო იყო ჩართული, ეს არის დაახლოებით 5000-მდე დასაქმებული ადამიანი. ჩვენ ერთობლივად ვუმასპინძლეთ და მოვემსახურეთ 180 000-მდე ადამიანს. აღსანიშნავია, რომ პროექტში განთავსების ობიექტებთან ერთად, სადეზინფექციო, სატრანსპორტო, კვებითი და სასმელებით უზრუნველყოფის კომპანიები მონაწილეობდნენ და მათი წვლილი უაღრესად მნიშვნელოვანია", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
თბილისის პარალელურად სასტუმროების წარმომადგენლებს ჯილდოები გადაეცათ მთელი ქვეყნის მასშტაბით. იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჯილდოები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.