დღეს საკარანტინე და კოვიდ-სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა - ღონისძიება მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და ნომინაციებში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრებმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვეს იმ მხარდაჭერას და თანადგომას, რომელიც სასტუმროების სექტორმა კოვიდ-პანდემიის პერიოდში აღმოუჩინა მთავრობას და მთლიანად საზოგადოებას.
კოვიდ-პანდემიის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 250-ზე მეტმა სასტუმრომ უკვე მიიღო მონაწილეობა კოვიდ-კარანტინების და კოვიდ-სასტუმროების პროგრამაში, მათ დახმარება გაუწიეს ჯანდაცვის სექტორს როგორც კოვიდით მსუბუქად დაავადებული ადამიანების მკურნალობაში, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკარანტინო სივრცეების გამართვაში.
დღეს სასტუმროების ნაწილი დაჯილდოვდა შემდეგ ნომინაციებში: პროექტში უსასყიდლოდ ჩართული სასტუმროები (Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace; Moxy Tbilisi Cameron - McNeillie; Ibis Styles Tbilisi Center; Ambassadori Kachreti; Intourist Palace); პროექტში ჩართული ცხელების და კლინიკური სასტუმროები (Ramada Encore Tbilisi; Holiday Inn; Holiday Inn Telavi; Savaneti Hotel; Kavkasia Hotel; Fortune Palace; Business Center Hotel Rustavi; L Plaza; Baadraan International (patrioti); Iveria Inn; Shine Palace; Cron Palace); პროექტში ჩართული პირველი სასტუმროები (Legend Tskaltubo Spa Resort; GTM Plaza).
ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების გარდა დაჯილდოების ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ. მათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სასტუმროები დააჯილდოვეს.