საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ორი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულების უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.
პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.
სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა მურთაზ ჯოლოხავას კანონიერ მფლობელობაში არსებული, ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში მდებარე 16 107 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
რაც შეეხება ბორჯომის რაიონში არსებულ მიწის ნაკვეთს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის 02 თებერვალს, მოქალაქე ციალა ხორგუანმა, ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, კერძო პირისაგან საკუთრების უფლებით შეიძინა 831 კვ. მ. მიწის ნაკვეთი. 2006 წლის აგვისტოს ბოლოს, მას დაუკავშირდა სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირი და უთხრა, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთი შეძენილი ჰქონდა არაკანონიერად და მოსთხოვა სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა. ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ციალა ხორგუანი იძულებული გახდა, დათანხმებოდა მოთხოვნას. 2006 წლის 01 სექტემბერს, იგი დაიბარეს ქ. თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში, სადაც გამოცხადდა აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, რომლის მონაწილეობითაც შედგა მიწის ნაკვეთის სახელმწიფოზე ჩუქების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, ციალა ხორგუანის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა სახელმწიფო.
დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული მიწის ნაკვეთები.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას.
ხსენებულ საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე ეტაპობრივად დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას .
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ჩატარებული ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულების, მამუკა ნოზაძის და გრიგოლ წაქაძის მიმართ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღნიშნულ საქმეებზე, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები. მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზის საფუძველზე გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
2006 წელს, მამუკა ნოზაძე გასამართლებული იქნა მ.მ.-სთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძვ. რედ.) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
იმჟამინდელი გამოძიება მას ედავებოდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის მიმართ საადვოკატო ფუნქციების განხორციელებისას ჩადენილ თაღლითობას, რაც გამოიხატებოდა არაშესაბამის საბანკო ანგარიშზე დაკისრებული გირაოს თანხის შეტანასა და საგამოძიებო უწყებაში დამადასტურებელი ქვითრის წარდგენაში.
სასამართლოს საბოლოო განაჩენით, მამუკა ნოზაძე. ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მამუკა ნოზაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ბ.ვ.-ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან და არ ყოფილა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, ხოლო ჟ.ვ.-მ უარყო მამუკა ნოზაძისთვის ფულადი თანხის გადაცემის ფაქტი. ასევე დადასტურდა, რომ მამუკა ნოზაძის მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. შესაბამისად ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა მამუკა ნოზაძის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
რაც შეეხება ყოფილი მსჯავრდებულის, გრიგოლ წაქაძის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, იგი 2008 წელს გასამართლებული იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (ძვ.რედ.) და 362-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
გამოძიება გრიგოლ წაქაძეს ედავებოდა, რომ მან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა არასრულწლოვან ც.ხ.-ს მშობლებთან მ.ხ.-სა და ჯ.ხ.-თან, რომელთაც ასესხა ფულადი თანხა, სესხის უზრუნველყოფის მიზნით კი, იპოთეკით დაიტვირთა ც.ხ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. თითქოს მ.ხ.-სა და ჯ.ხ.-გან მალულად, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულების შესრულების ვადა - 6 თვე გადაკეთებული იქნა 2 თვედ, რა ვადაშიც მოვალეებმა ვალდებულება ვერ შეასრულეს. საბოლოდ, ნოტარიუს მ.გ.-ს, მაკლერების გ.ჟ.-ს, ნ.ლ.-ს და ლ.კ.-ს, ასევე გრიგოლ წაქაძის დანაშაულებრივი ქმედებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ყალბი ჩანაწერის საფუძველზე, გრიგოლ წაქაძე გახდა ც.ხ.-ს კუთვნილი 50 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის განაჩენით, გრიგოლ წაქაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით კი დადასტურდა, რომ სანოტარო აქტში, ხელშეკრულების შესრულების ვადად ,,2 თვე“ ჩაიწერა მოვალეთა თანხმობით. ასევე დადასტურდა, რომ გრიგოლ წაქაძის მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, შესაბამისად ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა გრიგოლ წაქაძის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულების უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობებით.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 428 პირი, რომელთაგან 306 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 59 515 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 106 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 89 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.