ამ კონტრაქტში იყო ბევრი რამ მიუღებელი და ამის თაობაზე მე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნამახვანჰესს ეხებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აბსოლუტურად ყველა პირობა იყო შექმნილი იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაგრძელებულიყო სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო.
„გიდასტურებთ, რომ ეს კონტრაქტი მე მემკვიდრეობით დამხვდა, ისე, როგორც ძალიან ბევრი რამ დამხვდა მემკვიდრეობით. ბუნებრივია, ამ კონტრაქტში იყო ბევრი რამ მიუღებელი და ამის თაობაზე მე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან. ეს არის ჩვენი აბსოლუტურად სუვერენული უფლება, რომ ინვესტორს ვესაუბროთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებდა და მეც მაწუხებდა, მათ შორის, როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს. ეს სავსებით ნორმალურია.
რაც შეეხება ზოგადად პროცესს. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და ამას უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ, შემდგომ ბედს.
რაც შეეხება კითხვას, მქონდა თუ არა კომუნიკაცია ამის თაობაზე პრეზიდენტს ერდოღანთან, ჩვენ არ გვქონია ამის თაობაზე კომუნიკაცია. ეს არის წმინდად ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მაგრამ მეორეს მხრივ, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, ბუნებრივია.
მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში და ჩვენ, ამ მიმართულებით, არავითარ პრობლემას და დაბრკოლებას არ ველოდებით“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.