ავიაკომპანია Wizz Air-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. მისი განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროკავშირის 3 განახლებული და სრულიად ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ Wizz Air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.
დღეს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. 16 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ცოტა ხნის წინ დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.
"9 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოვებას განაგრძობს. ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. ასევე კვლავ დაბრუნდება ის სამი მიმართულება, რომელიც პანდემიამდე ძალიან მოთხოვნადი იყო საქართველოს მოქალაქეებში",- აღნიშნა თამარ არჩუაძემ.
იმავდროულად, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები განახლდება ასევე, 3 ქალაქის: ბარსელონას, ბერლინისა და ვენის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები პანდემიის დაწყებისას შეწყდა და ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით ქუთაისის აეროპორტიდან კვლავ განახლდება. რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენის მიმართულებით კი რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება, ხოლო ბერლინში მოხვედრა ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვლავ დაემატება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით საქართველოში Wizz Air-ის ტოპ მენეჯმენტის სამუშაო შედგა. ვიზიტის შედეგად ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები 28 სექტემბრიდან კვირაში 2 სიხშირით შესრულდება, ხოლო ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კიდევ 4 მიმართულება დაემატება.