გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსი შპს „სართიჭალის საშრობი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.
"ეს არის ახალი თანამედროვე საწარმო, სადაც მარცვლეულის ხარისხიან პირობებში დაბინავებაა შესაძლებელი. საწარმო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია როგორც საგრანტო, ისე შეღავათიანი საკრედიტო რესურსებით - გაცემულია ნახევარი მილიონის ოდენობის გრანტი და შეღავათიანი, 3,5 მილიონიანი აგროკრედიტი… თუ ჩვენ უნდა მოვიყვანოთ მეტი მაღალხარისხიანი პირველადი წარმოების პროდუქცია, რა თქმა უნდა, მას სჭირდება შესაბამისი შემნახველი და გადამმუშავებელი სიმძლავრეები. ჩვენი მიდგომა არის კომპლექსური და ითვალისწინებს წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლის ხელშეწყობას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფელ სართიჭალაში, სადაც ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში მოსავლის დაბინავება უკვე თანამედროვე პირობებში ხდება.
შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 900 მილიონ ლარამდეა დაფინანსებული შემნახველი და გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა. ფუნქციონირებს ასეული შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობა, თანამედროვე საწარმო.
"ამას ემატება საგრანტო დაფინანსება, რომელსაც სახელმწიფო სპეციალური პროგრამით - გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებით ახორციელებს, სადაც 80 მილიონ ლარამდე სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება და რამდენიმე ასეული მილიონი ლარის კერძო ინვესტიციაა მოზიდული. პროგრამის ფარგლებში, 200-მდე ახალი საწარმო დაფინანსდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
"საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსის შპს „სართიჭალის საშრობი“ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 3,000,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. „სართიჭალის საშრობში”, სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული, 9,000 ტონა მარცვლეულის გაშრობაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 880 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 3,900 სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 11,4 მლნ ლარს აჭარბებს.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში შეიქმნა 10 შემნახველი მეურნეობა; სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება, ჯამურად,5,2 მლნ ლარზე მეტია.