საქართველოს ენერგეტიკის გაძლიერებისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა.
„ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროგრამა მაგალითის მიმცემი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სხვა კომანიებისთვის და ADB მზადაა მთავრობას დაეხმაროს ამ მიმართულებით უფრო გაფართოებული რეფორმებისა და ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად", განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა
ელექტროგადამცემი სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში ADB დახმარებას გაუწევს ინსტიტუციური რეფორმების გატარებას სააქციო საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში (სსე) მის თანამედროვე, ოპერაციულად ეფექტიან და ფინანსურად მდგრად კორპორატიულ ორგანიზაციად გარდასაქმნელად.
სსე და მისი შვილობილი ენერგოტრანსი დღესდღეობით ძლიერად არიან დამოკიდებული მთავრობის დაფინანსებასა და საგარეო ვალზე. საგარეო ვალის საშუალებით მათ საკმარისი ფინანსური რესურსის აკუმულირება შეძლეს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განახლებისა და გაფართოებისთვის. მთავრობამ სსე-ს რეფორმირების მიზნით არა ერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა კომპანიის ახალი ქარტიისა და დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომელმაც საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაციის ახალი წესდება და სამართლებრივი ჩარჩო შეიმუშავა. მთავრობამ ასევე გააძლიერა სსე-ს საინვესტიციო დაგეგმარება, ვალის მართვის შესაძლებლობები და საგარეო შოკებისადმი მედეგობა კაპიტალიზაციისა და გაზრდილი შემოსავლების გენერირების გზით.
ADB-ის პროგრამა განაგრძობს რეფორმების მხარდაჭერას სსე-ს ოპერაციური სტრუქტურისა და ეფექტიანობის, კორპორატიული მმართველობისა და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებისა და ფინანსური მდგრადობის მისაღწევად.
„ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ფინანსური სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას და გამოათავისუფლებს ფისკალურ სივრცეს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს უკეთ გაანაწილოს რესურსები ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა კოვიდ-19-ის შედეგებისგან ეკონომიკის აღდგენა,“ განაცხადა ADB-ის ენერგეტიკის მთავარმა სპეციალისტმა ადნან ტარინმა.
საქართველო ADB-ის წევრია 2007 წლიდან და მას შემდეგ ბანკი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა. საქართველოში ADB-ის განვითარების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ვაჭრობის გაფართოება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და სიღარიბის დამარცხება ეკონომიკური დერეფნების განვითარების გზით.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.