წყნეთში, შერვაშიძის ქუჩაზე ოთხი პირი დაჭრეს, მათ შორის ერთ-ერთი 60 წლამდე ქალია. შემთხვევა გუშინ გვიან რამით მოხდა. დაპირისპირების მიზეზი უცნობია. მომხდარის დეტალებს სამართალდამცველები არკვევენ.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ბევრი გასროლა განხორციელდა, დაახლოებით 20-მდე.
"ისეთი სროლა იყო, შემეშინდა და იატაკზე დავწექი, ჩემს შვილს კი ტყვია მოხვდა,"- აცხადებს ერთ-ერთი დაჭრილის დედა.
დაჭრილი ქალბატონი, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.
"კავკასიის მედიცინის ცენტრში 58 წლის ქალბატონი, ცეცხლსასროლი, გამჭოლი ჭრილობით მოათავსეს. პაციენტს კუჭის, ნაწლავებისა და თირკმლის დაზიანება აღენიშნებოდა. ჩატარდა ქირურგიული ჩარევები, მოხდა თირკმლის ნაწილობრივი მოკვეთა, კუჭისა და ნაწლავის გაკერვა-აღდგენა. ამ ეტაპზე ის მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია და მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება“,- აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი ნათია ნუცუბიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.