"რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა 27 სექტემბრამდე გადაიდო. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საუბარია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელზე. ისინი აღნიშნული სარჩელით სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-იან წილს ითხოვენ.
"რუსთავი 2"-ის დირექტორი კი აცხადებს, რომ მოსარჩელე მხარეს საკმარისი არგუმენტები არ აქვს.
"ამ ეტაპზე არ ყოფილა რაიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე მითითება. ძირითადად, ეს იყო ბატონი აქიმიძის და ბატონი დვალის საკმაოდ ემოციური გამოსვლა და მათი მხრიდან დანახული რეალობის აღწერა. მე ემოციურად მესმის მათი, თუმცა ვართ სასამართლოში და სასამართლოში საქმის გადაწყვეტა კონკრეტულ ვალდებულებებს გვაკისრებს ყველას, როგორც მხარეებს, ასევე სასამართლოსაც. ისევ მოვისმინე, რომ შედარება ჩვენი საქმის, ანუ ვგულისხმობ ხალვაშის სარჩელისა ამ სარჩელთან, მერამდენედ მომიწია ახსნა-განმარტება იმისა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს ამ საქმეებში. იყო მცდელობა ჩემი აზრით, გარკვეული ზეგავლენის მოხდენის სასამართლოზე იმ კონტექსტში, რომ სხვა შემთხვევაში სასამართლო ესეთ გადაწყვეტილებებს იღებს ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ და ამ შემთხვევაში ანალოგიური მოთხოვნები არ კმაყოფილდება. აქაც მომიწია ახსნა-განმარტების გაკეთება”, - აცხადებს პაატა სალია.
კომენტარი გააკეთა ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებელმა, დავით დვალმა.
"ჩვენ პირდაპირ ავიღეთ ფაქტობრივად ის სასამართლო მასალები, სარჩელები, ის გადაწყვეტილებები, რაც სასამართლომ მიიღო მაშინ და შევეცადეთ, მაქსიმალურად კოპირება გაგვეკეთებინა და მიზანი იყო ერთადერთი ამის, რომ სასამართლო, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო ამ თემაზე გადაწყვეტილება და იმსჯელა, არჩევანის წინაშე უნდა დადგეს, რომ ან იგივე საქმე განიხილოს და თქვას იგივე, ან უნდა გამოაცხადოს, რომ სხვანაირად არის ჩვენ შემთხვევაში და სამართალი შერჩევითია,“ - აცხადებს დავით დვალი.
დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის კახა კოჟორიძის თქმით, მოსარჩელეებმა დეტალურად აღწერეს, თუ რა მოქმედებები ხორციელდებოდა მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიის იძულებით დათმობის პროცესში.
"მოსარჩელეებმა აქიმიძემ და დვალმა დეტალურად აღწერეს, თუ რა სისტემური, ორკესტრირებული ძალადობრივი მოქმედებები ხორციელდებოდა მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიის იძულებით დათმობის პროცესში. ეს იყო სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფის მუქარიდან დაწყებული, ქონებრივი დაზარალებით დამთავრებული”, - აცხადებს კახა კოჟორიძე.