2021 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით); • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით); • მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით); • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით);
2021 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 077.8 ლარით, ხოლო კაცების - 1 560.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.6 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 207.6 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2021 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 214.0 ლარით გაიზარდა და 1 389.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 209.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 12.0 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 177.4 ლარი, გაიზარდა 6.5 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.
2021 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 117.8 ლარით გაიზარდა და 1 226.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.