Fraser institute-ის 2021 წლის "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. 2020 წლის ანგარიშში საქართველო 8.24 ქულით მე-8 პოზიციაზე იყო.
"მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგი 165 ქვეყანას აფასებს. შესაბამისად, საქართველო გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ (მე-6), ლიეტუვა (მე-7), ავსტრალია (მე-9), დანია (მე-10), დიდი ბრიტანეთი (მე-12), ესტონეთი (მე-13), კანადა (მე-14), სომხეთი (მე-15), იაპონია (მე-18), ნიდერლანდები (მე-19), ლატვია (მე-20), ფინეთი (21-ე), გერმანია (22-ე), ავსტრია (28-ე), ლუქსემბურგი (30-ე), ბელგია (45-ე), სამხრეთ კორეა (47-ე), სლოვაკეთი (47-ე), საფრანგეთი (53-ე), მოლდოვა (66-ე), პოლონეთი (75-ე), რუსეთი (მე-100), თურქეთი (114-ე), ბელორუსი (114-ე), აზერბაიჯანი (121-ე), უკრაინა (129-ე) და სხვა.
რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 5 ინდიკატორიდან 3 ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა. კერძოდ, საქართველოს უკეთესი შეფასება აქვს შემდეგ ინდიკატორებში:
• „მთავრობის ზომა“ (8.14 ქულა, ნაცვლად 8.08 ქულისა);
• „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ (6.72 ქულა, ნაცვლად 6.65 ქულისა);
• „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“ (9.12 ქულა, ნაცვლად 9.05 ქულისა).
აღნიშნული 5 ინდიკატორი, თავის მხრივ, 23 კომპონენტს მოიცავს. ქვეყნის პოზიციები გაუმჯობესდა ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა:
• მთავრობის მოხმარება - 7.18 ქულა (გაუმჯობესდა 0.12 ქულით);
• ტრანსფერები და სუბსიდიები - 7.24 ულა (გაუმჯობესდა 0.16 ქულით);
• სასამართლოს დამოუკიდებლობა - 5.41 ქულა (გაუმჯობესდა 0.01 ქულით);
• მიუკერძოებელი სასამართლო - 5.91 ქულა (გაუმჯობესდა 0.06 ქულით);
• საკუთრების უფლებების დაცვა - 6.25 ქულა (გაუმჯობესდა 0.64 ქულით);
• ტარიფები - 9.45 ქულა (გაუმჯობესდა 0.21 ქულით);
• ადამიანისა და კაპიტალის გადაადგილება - 8.97 ქულა (გაუმჯობესდა 0.05 ქულით);
• ინფლაციის სტანდარტული გადახრა - 9.67 ქულა (გაუმჯობესდა 0.08 ქულით);
რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია რიგი ფაქტორებით, როგორიცაა მთავრობის მოხმარების წილის შემცირება მთლიან მოხმარებაში, ტრანსფერების და სუბსიდიების სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ფორმირება და სხვ.
აღსანიშნავია, რომ აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი - 10 ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა:
• ზღვრული საგადასახადო განაკვეთი;
• მარეგულირებელი შეზღუდვები უძრავი ქონების რეალიზაციაზე;
• უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება;
• შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა;
• ფინანსური გახსნილობა;
• კომერციული ბანკების ფლობის თავისუფლება;
• უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლის თავისუფლება;
• სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.
„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Fraser Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს