ის, რომ ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს, ეს იყო ჩვენი გაცხადებული მიზანი, - განაცხადა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილის განმარტებით, როდესაც პოლიტიკურ ჭრილში გადადის აღნიშნული საკითხი, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ხალხი სწორედ ბანერებითა და ტრანსფარანტებით დადიოდა, რომ მთავრობას სესხი არ აეღო.
"პირველ რიგში, საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ იყო და არ არის სწორი. ჩვენ ეს გაცხადებული გვქონდა რამდენიმე თვის წინ, რომ ქვეყნის ვალის დონე ჩვენს ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს და 60%-იანი ნიშნული, რომლსაც მივაღწიეთ 2020 წელს, არ არის ის ნიშნული, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ეკონომიკურ განვითარებას მიაღწიოს. შესაბამისად, ის, რომ ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს, ეს იყო ჩვენი გაცხადებული მიზანი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ როდესაც პოლიტიკურ ჭრილში გადადის აღნიშნული საკითხი, ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ ბანერებითა და ტრანსფარანტებით დადიოდა ის ხალხი, ვინც დღეს გვაკრიტიკებს იმაზე, თუ რატომ არ ავიღეთ სესხი. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ კონკრეტული სესხის აღების საკითხი და ქვეყნის ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით იქნება ყოველთვის განხილული და ამასთან მიმართებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული მხოლოდ და მხოლოდ ფისკალური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არა სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. მეორე საკითხი, რომელიც ამავე ხელშეკრულებას ეხებოდა, ეს არის რეფორმების საკითხი და რეფორმებთან მიმართებით გაცხადებული აქვს საქართველოს მთავრობას, რომ ის რეფორმები, რომლებიც არის დაწყებული და რომელიც არის გაცხადებული, გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი,“- განაცხადა მინისტრმა.