საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე სხვის საქმეებში ერევა - ეს განცხადება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა გააკეთა. ჯიოევის თქმით, ზოგადად, საქართველოში აკრედიტებული რიგი ქვეყნების წარმომადგენლები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის რათა მსოფლიოს სამხრეთ ოსეთზე ნეგატიური წარმოდგენა ჰქონდეს.
"საქართველოში საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთში თითქოს ტოპონიმები იცვლება მესამე სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად ვაფასებ. იმის გამო, რომ საფრანგეთის ელჩი აკრედიტებულია საქართველოში, ხოლო სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მას არ შეუძლია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საშინაო საქმეების კომენტირება", _ აცხადებს ჯიოევი და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ერიკ ფურნიეს შეახსენებს, რომ "სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა ტარდება, ამიტომაც ტოპონიმების საკითხიც სამხრეთ ოსეთის საქმეა".
"ამ შემთხვევაში კი ავღნიშნავ, რომ სამხრეთ ოსეთში "ლენინგორის" რაიონის სახელწოდება არასოდეს არ შეცვლილა. ეს საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა იგი "ახალგორის" რაიონზე, იმის გამო, რომ ეს რაიონი 17 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპაციის ქვეშ იყო. 2008 წლის აგვისტოში კი ლენინგორის რაიონში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იურისდიქცია აღდგა", _ აცხადებს ჯიოევი.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების მიერ ახალგორისათვის "ლენინგორის" დარქმევის ფაქტის შეფასებისას, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ თავის ყოველთვიურ მიმართვაში აღნიშნა, რომ ამით "ცხინვალი ნახევრადშეშლილი ბოლშევიკი ლენინის გაცოცხლებას ცდილობს". ელჩი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული სიტუაციის გამო. კერძოდ ახალგორის რაიონში სადაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსული სამხედრო კონტროლი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მმართველობა დამყარდა.
მიმართვაში ელჩი აღნიშნავს, რომ "კავკასიაში არსებული სიძულვილი კვლავ ხელისშემშლელია კონფლიქტების მოგვარების გზაზე".
"...საქართველოში ხორციელდება პოლიტიკა, რომელიც დაიწყო ცხინვალის რეჟიმმა ახალგორის რაიონში არსებული ქართული დასახლებების ელიმინაციისათვის (მოსპობა). ... ათასობით ადამიანის განდევნის შემდეგ ეს რეჟიმი ცდილობს მეხსიერების წაშლას, თითქოს შეიძლებოდეს რუკიდან წაშალო ხალხის ისტორია ან მისი ენა", _ ნათქვამია მიმართვაში.
საფრანგეთის ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ "ცხინვალის ადგილობრივი ხელისუფლება სახელწოდება ახალგორის შეცვლას ლენინგორით აპირებს, მაშინ როდესაც რუსეთში უკვე 20 წელიწადის ლენინგრადს კვლავ სანქტ-პეტერბურგი ეწოდება".
"რატომ გახდა საჭირო, რომ ამ ხეობაში კვლავ ისმოდეს ამ ნახევრადშეშლილი ბოლშევიკის (ლენინის) სახელი, რომლის იდეებმაც, გასულ საუკუნეში ბევრი სისხლისღვრა გამოიწვია", _ აღნიშნავს საფრანგეთის ელჩი.