შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2021 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 86.1 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა საქალაქო, ხოლო 4.4 პროცენტული პუნქტით სასოფლო დასახლებებში და შესაბამისად, 91.4 და 78.9 პროცენტი შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და 94.8 და 94.4 პროცენტი შეადგინა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 77.4 პროცენტმა, რაც 3.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 83.8 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 67.6 პროცენტით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 76.8 პროცენტს, ხოლო კაცების შემთხვევაში 78.0 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 97.8 პროცენტს შეადგენს.
15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 91.7 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 7.2 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.1 პროცენტი კი - უფრო იშვიათად.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (95.3%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (94.7%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (54.3%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (50.7%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (46.6%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.5%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (36.4%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (17.0%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (12.3%).
15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 21.2 პროცენტმა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში - 26.3 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 11.7 პროცენტი. სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 22.9 პროცენტს, კაცებისათვის კი 19.2 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავებულია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში - 34.6 პროცენტი, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში - 18.0 პროცენტი, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 9.8 პროცენტია.