მედიის ცნობით, გვინეაში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა პოლკოვნიკ მამდი დუმბუიას მეთაურობით, დააპატიმრეს გვინეის პრეზიდენტი ალფა კონდე. მოგვიანებით, ამბოხებულთა ლიდერმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ გადაყენებულია მთავრობა, ჩაკეტილია ქვეყნის საზღვრები და შეწყვეტილია კონსტიტუციის მოქმედება.
ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს ამბოხებულების მიერ დაკავებული პრეზიდენტი, რომელიც ზის ავტომობილში და ძალიან დაბნეულია.
ამასთან, გვინეის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო პრეზიდენტის რეზიდენციაზე ამბოხებულების თავდასხმის მოგერიება.
პარალელურად, გვინეის დედაქალაქ კონაკრიში, მოსახლეობა ქუჩებშია გამოსული და სამხედროებს მხარდაჭერას უცხადებს.
გვინეა აფრიკის კონტინენტზე ბუნებრივი რესურსებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, თუმცა დაუძლეველი კორუფციისა და ნეპოტიზმის გამო, გვინეის მოსახლეობა მსოფლიოში უღარიბესად ითვლება.