მომავალ წელს სამხრეთ ოსეთში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება - ეს არის დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის პირველი პრეზიდენტის არჩევნები. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მისი თქმით, ეს არჩევნები ჩატარდება მშვიდად და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "კონსტიტუციასთან" სრულ შესაბამისობაში და საერთაშორისო ნორმების დაცვით.
"ჩვენ ყოველთვის მაღალ პოლიტიკურ დონეზე ჩაგვიტარებია მსგავსი ღონისძიება და გამონაკლისი არც ეს არჩევნები იქნება", _ განაცხადა კოკოითმა და აღნიშნა¸რომ გარე ძალა 2011 წლის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთში აღარ იქნება, _ "ყოველ შემთხვევაში, მათგან ვინც დღეს გულზე მჯიღს იცემს და თავის თავს ოპოზიციას უწოდებს".
"ისინი მე დღეს სტადიონზე მოსულ მაყურებელს მაგონებენ. როცა სამხრეთ ოსეთს უჭირდა და ხალხი იბრძოდა მათ მაყურებლის როლი აირჩიეს და არაფერი გააკეთეს ხალხის დასახმარებლად. მაყურებელი კი დღეს მთავარი მოთამაშე ვერ გახდება", _ განაცხადა კოკოითმა.
ოს სეპარატისტთა ლიდერი ასევე აცხადებს, რომ "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად არჩეული იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ხალხი გაყვება".
"მე კი ვაგრძელებ, ჩემი ხალხის სამსახურს. ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ და ყველა ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მომავალში", _ აცხადებს კოკოითი.