„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კონსტანტინე ზარნაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
ამჯერად, შეხვედრა გლდანის მე-7 მიკრორაიონში, ბროწეულის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მუხიანის აგარაკებზე, გრემი-იაკობის ქუჩებზე გაიმართა.
მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ქალაქში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და მათ სამომავლო გეგმები გააცნეს.
„გლდანი არის ერთ-ერთი რაიონი, სადაც ყველაზე მეტი პროექტი განხორციელდა - გამწვანების სამუშაოები, ინფრასტრუქტურული პროექტები, სკვერების განახლება-რეაბილიტაცია და ა.შ. მათ შორისაა, ბროწეულის პარკიც, სადაც ახლა ვიმყოფებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ძალიან მალე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება ამ რაიონს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეხვედრისას, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კონსტანტინე ზარნაძემ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის.
„ჩვენ ყველა უბანში დავდივართ, ვხვდებით ხალხს და მათ პრობლემებს ვისმენთ, რაც მომავალში უნდა მოვაგვაროთ. ბევრი კარგი საქმე გაკეთდა გლდანის რაიონში, მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები. გპირდებით, რომ მუდმივი კომუნიკაცია გვექნება მოსახლეობასთან. მე ვარ ამაყი, რომ კახი კალაძის გუნდის წევრი ვიქნები მაშინ, როდესაც ქალაქში ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდება“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
მოსახლეობასთან შეხვედრა ბროწეულის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ეწყობა ფეხბურთის, კალათბურთის, სკეიტბორდის მოედანი, საბავშვო სივრცეები, ტრენაჟორები, ტენისის მაგიდები, ველობილიკი, ძაღლების სათამაშო მოედანი, განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე ირგვება ხე-მცენარეები, იგება რულონური ბალახი, ეწყობა პერგოლები და მოსასვენებელი სივრცეები.
აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე, სადაც წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა, ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, ცენტრალური კოლექტორი, ჟვანიასა და საზანოს ქუჩების ნაწილზე კი, წყალარინების ქსელი მოეწყო. ამჟამად, იაკობის ქუჩაზე წყალარინების ქსელს აწყობენ. გრემის ქუჩაზე კი, აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.